ანჟელა ქობალიას და ია შანიძის ისტორია

27 Mar 2023

ანჟელა ქობალია, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მე-4 ბაგა ბაღის აღმზრდელია, ია შანიძე კი ამავე ქალაქის მე-10 ბაგა-ბაღში სააღმზრდელო საქმიანობას უძღვება. გასულ წელს, ანჟელამ და იამ გენდერული თანასწორობის თემაზე  ევროკავშირის ფინანსური ხელშეწყობით, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების მიერ ორგანიზებული ტრენინგი გაიარეს.

ბაგა-ბაღის პედაგოგებს შესაძლებლობა მიეცათ, მცირე სათემო ინიციატივები შეემუშავებინათ და დაფინანსება მიეღოთ, საბავშვო ბაღის სივრცეში მიღებული ცოდნის გავრცელებისა და თანასწორობაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით.

ანჟელა ქობალია:

„ჩვენი ინიციატივის მიზანი, გენდერულ თანასწორობაზე ცნობიერების ამაღლების აქტივოებებში ბავშვებთან ერთად მშობლებიც ჩართვაც იყო საბავშვო ბაღში დავგეგმეთ მხიარული სტარტები, რაშიც მშობლებიც მონაწილეობდნენ.  ბავშვები ხომ მიჩვეულები არიან, ბაღის ცხოვრებაში ძირითადად დედები, რომ არიან ჩართულები?! როცა თამაშებში მამების აქტიურობაც დაინახეს, მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.

გარდა ამისა, მშობლებთან ერთად ვნახეთ ანიმაციური ფილმი ქალისა და კაცის საქმიანობის სფეროების უთანასწორ გადანაწილების შესახებ და ამ თემაზე დისკუსია გავმართეთ. განსაკუთრებით მოგვეწონა მამების აქტიურობა და ის ფაქტი, რომ თანასწორობის საკითხს საკმაოდ ჯანსაღად უყურებენ“.

ია შანიძე:

„28 წელია აღმზრდელად ვმუშაობ, თუმცა გენდერული თანასწორობის თემაზე დისკუსია, პირველად ამ ტრენინგის გავლის შემდეგ მოვსინჯე. აუცილებელია, აღვნიშნო, რომ ეს ინიციატივა ჩემთან ერთად განახორციელეს ბაღის პედაგოგებმა ირმა ბურკაძემ, ნანა ჯვარშეიშვილმა და ლელა გაბადაძემ. ბაღის გამგეც გვერდით გვედგა.  

აღსანიშნია, რომ ზოგიერთი ბავშვისგან წინააღმდეგობაც წამოვიდა, ოჯახში მამამ რატომ უნდა გარეცხოს ჭურჭელიო. თუმცა, ეს წინააღმდეგობა საინტერესო დისკუსიაში გადაიზარდა: ბავშვებმა თავად მოიყვანეს კონტრარგუმენტები, რომ ოჯახში ყველა წევრი ერთმანეთს უნდა დაეხმაროს და პატივი სცესო.

სხვათა შორის, მშობლებისთვისაც ცოტა უცხო აღმოჩნდა გენდერული თანასწორობის მნიშვნელობა, თუმცა აქტიური დისკუსიებით, შემიძლია ვთქვა, რომ ცოტა წვლილი მაინც ჩავდეთ ამ კუთხით ცნობიერების ამაღლების საქმეში“.

 

ანჟელა ქობალია:

„ბაგა-ბაღის აღმზრდელებს განსაკუთრებული როლი გვაკისრია, რადგან ბავშვები განათლებისა და უნარ-ჩვევების პირველ გაკვეთილებს აქ სწავლობენ. გენდერული თანასწორობა ჩვენი საბავშვო ბაღის განუყოფელი ნაწილია. ბაღის სივრცის დალაგებაში გოგოები და ბიჭების ერთად მონაწილეობენ. ასევე, ვცდილობთ სამომავლო პროფესიებზე თანასწორობის ჭრილში საუბარს, რომ პროფესიამ ბიჭი და გოგო არ იცის და ყველას შეუძლია გამოვიდეს, ის ვინც სურს. დარწმუნებული ვარ, ასეთ მიდგომას კარგი შედეგი მოყვება“.

 

 ია შანიძე:

„ხშირად ვიხსენებ ჩემს ბავშვობას და საკუთარ თავს ჩემი ბაგა-ბაღის აღმზრდელს ვადარებ. არ მსურს მას ვგავდე და ხშირად საკუთარ თავს კრიტიკულად ვუდგები. მინდა, რომ თითოეული ბავშვის თანასწორი ვიყო და მაბედნიერებს თითოეული ის წუთი, როცა ვხედავ, როგორ იხსნებიან ჩემთან და მენდობიან. აღმზრდელის როლი ბავშვის ცნობიერების ჩამოყალიბებაში განუზომელია და თუ თითოეული აღმზრდელი მაღალი ცნობიერებით იქნება, ის აუცილებლად შეძლებს მომავალი თაობა ბევრად უფრო ჯანსაღად და სწორი ღირებულებებით აღზარდოს“.

ანჟელა ქობალია:

„თუ ადრე მამას იშვიათად ნახავდით მშობელთა კრებაზე, ახლა მამები საკმაოდ ჩართულები არიან ბავშვების ზრუნვის საქმეში. ჩვენ ინკლუზიური ჯგუფი გვაქვს და მიხარია, რომ მამები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მოვლა-მზრუნველობაში განსაკუთრებულად აქტიურად მონაწილეობენ.  მშობლების თანასწორი ჩართულობით, ვატყობთ, რომ ბავშვებიც უფრო ბედნიერები არიან“.

ია შანიძე:

„ნამდვილად უკეთესობისკენაა შეცვლილი გარემო. ხშირად მშობლებში გენდერული თანასწორობის საკითხები, ღირებულების დონეზეა გამჯდარი. ეს ახალგაზრდა თაობის განვითარებისა და დამოუკიდებლობის შედეგია. ოჯახებში, სადაც უფროსი თაობაც ცხოვრობს, უფრო ძლიერია გენდერული სტერეოტიპები, თუმცა აშკარად შეინიშნება უკეთესობისკენ ზრდა.

გენდერული თანასწორობა უდავოდ სიკეთის მომტანია. იქ, სადაც არსებობს, ურთიერთთანხმობა და პატივისცემა, არ არსებობს პრივილეგიები, საზოგადოება და თითოეული ინდივიდი უფრო კმაყოფილი და ამდენად, ბედნიერია“.

ისტორია მომზადდა „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის" მიერ პროექტის „თემის გაძლიერება გენდერული თანასწორობისთვის" ფარგლებში. პროექტი ნაწილია პროგრამის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“, რომელიც ერთობლივად ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.